spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან გოგიჩაიშვილი – დაიწყეთ გამოძიება სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორის და “ოცნების” დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ

დაიწყეთ გამოძიება სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორის და “ოცნების” დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

“2024 წელს ივანიშვილის „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, ისევ „ნაცების“ გასამართლებაა, ისიც მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ „ციხის ბუნტის“ დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები სპეცრაზმელთა მიერ გაგრძელდა ბუნტის ჩახშობის შემდეგაც. ბაჩო ახალაია, რომელიც მეთაურობდა ე.წ. „ამბოხის“  სისხლიან ჩახშობას, იყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მითითებული გარემოებები დადასტურებულია, როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

ამ უმძიმესი მოვლენების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გივი მიქანაძე, რომლის უშუალო საკურატორო სფეროს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები