7 დეკემბერს კიევში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს, – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – „თავისუფლება თუ შიში“.
კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მასზე მონაწილეებს მისასალმებელი ვიდეოთი მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა.
შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებას და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე.
ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.