spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია

აკრძალულია სკოლის მოსწავლეების პოლიტიზირება და სასწავლო პროცესში მესამე პირის ჩარევა. დაუშვებელია მშობლის გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება დატოვების შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 260 აქტივისტი მოინახულა, ასევე, მათი ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

“პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას. მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია. ჩვენ, ყველანი, მათ შორის საჯარო მოხელეები თანასწორი ვართ კანონის წინაშე.

რაც შეეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს სხვადასხვა ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, საგამოძიებო მოქმედებები წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.

სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე აქციებზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულებას. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროდ, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე.

ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების საათებშივე მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია, ზურაბ დათუნაშვილი, ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. გვარამიას განცხადებით, ის უკანონოდ დააკავეს და დაკავების დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საგამოძიებო სამსახურს.

ალეკო ელისაშვილი ჩვენ გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში ტკივილს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ამავე დროს, აკრძალულია სკოლის მოსწავლეების პოლიტიზირება და სასწავლო პროცესში მესამე პირის ჩარევა. დაუშვებელია მშობლის გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება დატოვების შესახებ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები