ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ექიმი დღეში სამჯერ ამოწმებს.
“მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთში ჩვენ მის შესახებ გაგვაჩნია და მისი თანხმობით ვაზიარებთ. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის, ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში, ასე რომ, ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში 3-ჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იღებენ ინფორმაციას.
ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ეს დოკუმენტაცია ჩვენს მიერაა გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა ის ესაუბრა ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია.
არსებობს სხვა საკითხები ქალბატონი მზიას მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.