შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და მეორე მხრივ, ასევე მინდა მოვუწოდო შეკრების მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა, რადგან არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“დღევანდელი ჩემი ბრიფინგი ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს, დღევანდელი აქციის წინ მოწოდებას და გაფრთხილებას, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და მეორე მხრივ, ასევე მინდა მოვუწოდო შეკრების მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა, რადგან არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების გაცნობისა და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მსურს, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი პირველადი შეფასება.
ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია, გათავისუფლების დროს გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, მათ შორის დამიზნებით. ასევე ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეის გამოყენება აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძველი. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.