ჩვენ პოლიტიკურ კონსულტანტს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის რუსული ოცნება საზღვარზე არ უშვებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
“რამდენიმე დღის წინ, ბენი საქართველოში ერთხელ უკვე იყო. ჩვენს ოფისებზე, პოლიტიკოსებზე თვალთვალისას აღმოაჩინეს, რომ ბენ მალეტი ჩვენთან დადიოდა, გაიგეს, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და შესაბამისად დღეს, ჩაატარეს სპეცოპერაცია. შეშინებული და დამფრთხალი ხელისუფლების ნამოქმედარია უდავოდ სწორად გეშინიათ, აბსოლუტურად ყველა რესურსს ჩავდებთ, რომ რუსი მოღალატეები, სამშობლოს გამყიდველი კორუმპირებულები მოშორდეთ ქვეყანას”, – წერს ხაბეიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები ამ დროისთვის თბილისის აეროპორტში იმყოფებიან.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ბენ მალეტის ოფიციალურ მიზეზში რატომ არ უშვებენ საზღვარზე ჩაუწერეს “და სხვა” და ეუბნებიან, რომ იშოვოს ბილეთი და ახლავე დატოვოს თბილისი.
“ამ ეტაპზე ბენ მალეტი ჰყავთ ზემოთ, სადღაც ოთახში, წართმეული აქვს პასპორტი და ეუბნებიან, რომ დაუბრუნებენ მაშინ, როდესაც თვითმფრინავში ავა”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, დილიდან საქმის კურსში ჩააყენებენ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას.