ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” არის მზად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, მაშინ ეს პროტესტი იქნება ერთჯერადი.
“ჩვენი ფრაქცია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტოს, მზად არის. ხედავთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად შიმშილობენ ჩემი კოლეგები, ვცდილობდი გუშინ განსაკუთრებით ანის დარწმუნებას, ეს არ გაეკეთებინა, არ მინდა ჩემს კოლეგას ჯანმრთლობის და სიცოცხლის საფრთხე დაემუქროს, თუმცა, მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა და მობილიზება. მე პირადად ჩემს კოლეგებთან ერთად მზად ვარ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც ექნება წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარეს.
რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ამისთვის “ნაციონალური მოძრაობა” არის მზად, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, თუ დარჩება ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? პირდაპირ შემიძლია, გითხრათ -კი, ვიმუშავებთ.
ვიმუშავებთ, თუ არა რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული, თან რაც შეიძლება სწრაფად? ცხადია, კი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს ვებრძოლოთ ქმედითად, ორი და სამი დეპუტატის პარლამენტიდან გასვლამ არაფერი პრობლემა არ შეუქმნა “ქართულ ოცნებას”, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, ვაპირებთ კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.