“ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ თბილისის სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა დედაქალაქის მერის, მისი მოადგილეების, ასევე, გამგებლის პასუხისმგებლობის დაყენებით უნდა დაიწყოს და არა რიგითი თანამშრომლების.
“სატრანსპორტო კომპანია რომ კორუფციაშია, ამაზე წლებია, ვსაუბრობთ. 4-5 რიგითი თანამშრომლები კი არა, დაიწყონ თანამდებობის პირებიდან, დაწყებული კალაძით გააგრძელონ ხმალაძით და შემდეგ უკვე იმ საქალაქო სამსახურის უფროსებით და გამგებლებით, ვინც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. რიგითი თანამშრომლები დააკავეს, რომ თურმე აი კორუფციას ებრძვიან.
კორუფციას კი არა ებრძვიან, მოჩვენებითად ღარიბაშვილის ტყე რომ გადაფარონ, ნარმანიას ტყე რომ გადაფარონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება რომ გადაფარონ, მოვაჭრეების აყრა რომ გადაფარონ, ორხევში და აფრიკაში ადამიანების ტალახში გორაობა რომ გადაფარონ, თითქოს, კორუფციას ებრძვიან. ნაცარს ვერავის შეაყრიან თვალებში. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი ქურდი ამ ქალაქში არის კახი კალაძე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.