ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“დავით არახამია არის ქართველი, ის არის აფხაზეთიდან დევნილი. ცხადია, მას აინტერესებს, წუხს საქართველოს ბედზე და არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დროს. რუსეთთან რომ იბრძვის, რუსეთთან რომ ომშია უკრაინა და მაღალ თანამდებობაზე არის არახამია, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანი აფხაზეთიდან დევნილია, აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია, უნდოდეს მისი ქვეყნის ძლიერება, საერთო მტრის – რუსეთის დამარცხება. ამიტომ ქართველი არახამიას ფეისბუქგვერდიც თუ იქნება ქართულად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად გვყავს ეს მტერი – რუსეთი და რუსეთი აღარ არის მარტო ორი ან სამი ქვეყნის მტერი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს, მშვიდობის მტერი. ამიტომ არახამიას, ქართველის, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანის დახმარება ნამდვილად სჭირდება. რა კონკრეტული გადაწყვეტილება ექნება, ჩემთვის უცნობია, მას ჰკითხეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.