“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ევროპული მომავლის საბოტაჟს ნიშნავს.
“უარესს გააკეთებენ ყოველ ჯერზე, როგორც კი ევროკავშირის სტატუსს მიუახლოვდება ჩვენი ქვეყანა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გგონიათ, რომ ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, მაგალითად, ნიკა გვარამიას დაკავება დაემთხვა სტატუსის მიღება- არ მიღებას? ან პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ემთხვევა, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება-არ მიღების პროცესში ვართ? ან ის, რომ ეს რუსული კანონი სასწრაფოდ შემოიტანეს, აღაშფოთეს და გააგიჟეს ყველა ქვეყნის შიგნით და გარეთ, გგონიათ, ეს შემთხვევითია? ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის ოფიციალური საბოტაჟი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის მთავარი ბრძოლის ხაზი ხალხთან მუშაობაა.
“50-მდე ოფისი იყო დახურული და გავხსენით, ლოჯისტიკის აწყობით ვართ სერიოზულად დაკავებული ეს 23 დღეა, რადგან ჩამოშლილი იყო. მოვიარე თითქმის ყველა რეგიონი საქართველოში, სადაც აქციები გაიმართა.
დავაფუძნეთ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი. ქუთაისში დამატებით გავხსენით პრეზიდენტის მხარდამჭერი შტაბი, ჯერ პრეზენტაციისთვის ვერ მოვიცალეთ უბრალოდ. ჩვენთან მთავარი ბრძოლის ხაზი იქნება ხალხთან მუშაობა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.