როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, აქციაზე მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სპეცრაზმი მასზე მორალურადაც ძალადობდა.
“საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ, არ გაინტერესებთ რა მოხდა? ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი მედიას. ცხადია, ეს ბავშვი რომ შეჰყავდათ მისკენ გავემართე. ამის შემდეგ, როდესაც უკვე ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ. როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ეს ყველაფერი ტელეფონით აქვთ გადაღებული. თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ. ამაზე პასუხი რომ მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა. რასაც ხედავთ ჩემს ტანზე ეს რუსეთია და ჩემდა სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ბევრმა ბავშვმა.
თქვენ შეიძლება, გაგიხარდათ, რომ ხაბეიშვილი ასეა, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ იქ. მე მახსოვს, აქ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა.
მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, მთავარი ოპოზიციონერ პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან, დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, მე გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ ეს კანონი გაიტანოთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად საპროტესტო აქციაზე გაუსწორდნენ. შსს აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე “შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება”.