იმის ძახილი, რომ მაინც არაფერი გვეშველება, ოპოზიცია სუსტია, მხოლოდ აძლიერებს რუსი ოლიგარქის კრიმინალურ მმართველობას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა, რაც NDI-ის კვლევებში გამოჩნდა, პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა და უიმედობის თესვაა.
“გაგვიყალბეს ის არჩევნები, მოგვპარეს, ჩაიდეს ჯიბეში, ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა გაიბლაროს მნიშვნელოვანი თემები – ადამიანის გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე და მათ შორის ევროპული ვექტორიდან აცდენა. სამი ძირითადი მიმართულებაა, რაზეც უნდა გავაკეთოთ ორიენტირი. დანარჩენი „ბლაბლაბალა“ ტელევიზიებში, ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერა, ცილისწამება, უიმედობა, იმის ძახილი, რომ მაინც არაფერი გვეშველება, რომ მაინც ივანიშვილი მოიგებს, ოპოზიცია სუსტია – ეს მხოლოდ აძლიერებს რუსი ოლიგარქის კრიმინალურ მმართველობას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანებს იმედი აკლია, რომელსაც ერთიანობა მოიტანს.
“იმედს მოიტანს არა ერთმანეთის ლანძღვა, არამედ ერთიანობა, საზოგადოებას მანამ ექნება ეს აზრი, სანამ გაურკვევლობას უყურებს ტელევიზორში და ჩამოუყალიბებელ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს.