spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ხელფასს ხომ არ გაჭრიან რუსეთის ხსენების გამო? ამისთანა რა უხერხულობას გიქმნით?

“თქვენ მინისტრი ხართ, იმედია, არ ფიქრობთ, რომ რომელიმე სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ხართ და არანაირი მსგავსი პასუხისმგებლობები არ გაქვთ, რა კითხვებიც დაისვა, იმიტომ, რომ სპეციალისტივით საუბრობდით და არაფერზე, ფაქტობრივად, პასუხი არ გქონდათ“,- ასე მიმართა ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

 

“ყველამ გთხოვათ აქ, რომ იქნებ, რუსეთის აგრესიაზე რამე თქვათ. მაინც არ ახსენეთ. ხელფასს ხომ არ გაჭრიან რუსეთის ხსენების გამო? ამისთანა რა უხერხულობას გიქმნით? ისე საუბრობდით ტრიბუნიდან, რომ ადამიანს მოეჩვენებოდა, რომ თითქოს, ნამდვილად გაღელვებთ პოლიციელების, რიგითების, თანამშრომლების ბედი. იცით, რომ ისინი კონტრაბანდულ სიგარეტს ეწევიან და გიკითხავთ, რატომ? ან მათი სესხების შესახებ თუ გიკითხავთ? ოჯახებს რომ ვერ ინახავენ, გაძვირებული ცხოვრება რომ არის. თქვენ თქვით, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დიახ, ნაწილი მართლა 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ჩვენს ქვეყანას ემსახურება.  მოგიყვებით, რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ეს ხალხი –  ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ კანონს, ისინი იძულებული გახადეთ, რომ გემსახურონ თქვენ, ღარიბაშვილს, ოლიგარქ ივანიშვილს. ლამის, დაცვის წევრებად გადააქციეთ ეს ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში კრიმინალს ებრძოდნენ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის წევრმა ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გაამახვილა ყურადღება.

 

“შემიძლია, ნებისმიერ მისამართზე, სადაც ინფორმაცია გაქვთ, გამოგყვეთ და იმ ოფისის დახურვაში მოგეხმაროთ. იცით, რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი? თქვენს ყოფილ კოლეგა ჭიკაიძეს რომ ქოლ-ცენტრები აქვს, იცით? დამიძახეთ, მისამართს გეტყვით. აქ არ არის ახლა ის პარლამენტარი, შესაბამისად, სახელს და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ თუ გამოძიებას დააინტერესებს, ამასაც ვიტყვი – მასაც აქვს ქოლ-ცენტრები. ბიზნეს-ცენტრი „ქინგ დევიდი“ ფაქტობრივად, გადაქცეულია ქოლ-ცენტრების მექად. იცით რატომ გელაპარაკებით პარლამენტის ტრიბუნიდან? თითოეულ სიტყვას გადავუთარგმნით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და არაფერს რომ არ გააკეთებთ, ამაზეც დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩადის თავდაცვის სამინისტროდან. თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ, გამოძიება დაიწყოთ. შემიძლია, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ და თქვენ ეს ყველაფერი გამოიძიოთ, რაშიც ეჭვი მეპარება. პასუხისმგებელი ვარ თითოეულ წინადადებაზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები