ცხადია, რომ სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება და არც ხალხისთვის იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 12 წელია, არაფერი გამოუვლენია “ოცნებას” და არც ახლა იქნება განსხვავებული ვითარება.
“ჯერ რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არცერთი. ახლა, რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს, რომ მათ არ აღელვებთ სახელმწიფო ინტერესები, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული მათი გარემოცვა იქნება ბედნიერი, ექნება მაღალი ანაზღაურება, ექნება უზრუნველი ცხოვრება.
ცხადია, რომ სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება და არც ხალხისთვის იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დაზვერვაზე” , – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.