დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს რეჟიმის დამარცხებაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“მე მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც რიჟვაძისგან, ასევე ვოლსკისგან, კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები და მშიშარები, ერთ დაძახებაზე მათი ლანდი რომ არ იქნება არსად, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს, ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად, უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმის. მეტიც, რომ არა სააკაშვილი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება. ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი უსაფრთხოება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხადია, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქვეყნის ერთიანობისთვის ცხადია, არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა და სწორედ ამიტომ იდევნება დღეს სააკაშვილი რუსული რეჟიმის მიერ და არა მარტო ის, იდევნება ყველა ოფიცერი, მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოში თუ უკრაინაში.
რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმის, ამიტომ, ცხადია, “ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში, დემონტაჟში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აპირებს. მესამე პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს “ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას”.