საცურაო აუზი, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქარელში 21 მაისს გახსნა, ამ დრომდე არ ფუნქციონირებს, საცურაო კომპლექსის ეზოს ბოქლომი ადევს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ქარელიდან ვიდეო ჩართვისას დეპუტატმა განაცხადა, ფულის ფლანგვის აღნიშნულ ფაქტზე ანტიკორუფციული მოძრაობა გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს.
“ქარელში 5 მილიონ 200 ათასი ლარი გააქრეს, ეს არის ფულის ფლანგვის კლასიკური მაგალითი. აუზის გახსნაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ახლა აუზი უფუნქციოდაა და ღობეს ბოქლომი ადევს. ვაპირებთ ამ საქმეზე პროკურატურას მივმართოთ. არავის უნდა ვინმეს ციხეში ჩასმა, მაგრამ უნდა იცოდნენ, მოპარულ თანხებს არ შევარჩენთ არავის. მოპარული თანხების კონფისკაცია მოხდება, ჩვენ გვაინტერესებს ხალხის ფულის ხალხისთვის დაბრუნება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ქარელის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უთხრეს, რომ შესვენებაზე იყვნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტში საცურაო აუზი პრემიერმა მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
როგორც ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა მაშინ განაცხადა, აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს.
პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი უნდა იყოს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5.6 მლნ ლარიაა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია “საბა კონსტრაქშენმა” განახორციელა.