ვაქცინაციის ბანარები, რომლებიც ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად სისხლიანი ბანერები გააკრეს, სარეკლამო ადგილებზე წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მას ხელთ ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება აქვს.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკრული ბანერები, რომელიც ვაქცინაციის პროპაგანდას ეხებოდა, ადგილზე წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო. ხელთ მაქვს ხელშეკრულება რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბილბორდი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 31 სედეკემბრის ჩათვლით, მაგრამ ხელისუფლებისთვის, “ქართული ოცნებისთვის” ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა სისხლიანი ბანერები გამოეფინა და ამაში დამატებით მილიონობით ლარის დახარჯვა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, კომპანია, რომელმაც სისხლიანი ბანერები განათავსა, ხელისუფლების დავალების შემსრულებელი და აღმასრულებელია.
კომპანია “ალმამ” , რომელიც არის “ვისოლის” შვილობილი კომპანია, დედაქალაქში გარერეკლამის განთვასების ექსკლუზიური უფლება გასულ თვეში აუქციონის შედეგად 34,8 მლნ ლარად მოიპოვა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების გამოსახულებით ბანერები თბილისსა და ქუთაისში წუხელ გამოჩნდა.