არაფერში ჯდება, რომ სახლში მიუვარდე ტურასავით და თავს დაესხა 40-მდე ადამიანი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მელია აპროტესტებდა კრიმინალები დაიჭირეთო და მელია დაიჭირეს. რამდენად ნორმალურია, საზოგადოებამ თავად განსაზღვროს. ყველა, ვინც ჩართული იყო ამ ორგანიზებულ დანაშაულში, უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და დღეს თუ არ ამას არ გააკეთებს რუსული პარტია და ფარცხალაძის ხელისუფლება, გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება.
ესენი არც ქუჩის ბიჭები არიან, არც კრიმინალები არ არიან. ეგ არაფერში ჯდება, არაფერში ჯდება, რომ სახლში მიუვარდე ტურასავით და თავს დაესხა 40-მდე ადამიანი. ეს არის სუსთან და შსს-თან შეთანხმებულად გაკეთებული”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
ეძგვერაძის სახლთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.