რუს ოლიგარქს ნაციონალური უძრაობით ვერ ვებრძვით, გვჭირდება ნაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს იმიტომ კი არ აკრიტიკებს, რომ ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ვერ შეძლო, არამედ იმისთვის, რომ რაც შესაძლებელია, იმას არ აკეთებს.
“ეს არის “ქართული ოცნების” ხაზი, რომ ჩვენ ერთმანეთს დავაბრალოთ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა, ან ნიკა გვარამიას მძევლად აყვანა. ეს არის რეჟიმის და დიქტატურის დამსახურება, რომელიც დამყარებულია ამ ქვეყანაში. ამას უკვე მთელი სამყარო ამბობს, რომ რუსი ოლიგარქი მართავს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანას და ამ რუს ოლიგარქს ნაციონალური უძრაობით ვერ ვებრძვით, გვჭირდება ნაციონალური მოძრაობა, ყოველდღიურად “ცეცხლი“ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ის ნიკა მელიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარტიულ დავალებებს არ იძლევა, ქვეყნის ქალაქებში არ ჩადის რეგიონებში არსებული სიტუაციით არ ინტერესდება.
“ნაციონალური მოძრაობა” არის იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ავადუღოთ ქვეყანაში სიტუაცია, რას ველოდებით, ხალხი როდის იაქტიურებს? ხალხისკენ იშვერენ კიდევ ხელს – თქვენ რას აკეთებთ, თუ რამე შეგიძლიათ გააკეთეთ. რას ქვია, თუ რამე შეგიძლია გააკეთე? პარტიის თავმჯდომარესა და ლიდერებს ვირჩევთ იმიტომ რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა. ვისაც შეუძლია, იმან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.