ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი აგრძელებს პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას. ამჯერად საქმე ბათუმის პორტს და ნავთობტერმინალს უკავშირდება, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
“ყველას გახსოვთ 2022 წლის 27 ივნისს ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული თურქული დროშით მცურავი ტანკერი “ESEN KA“- შემოვიდა. ტვირთი რუსულ სანქცირებულ სახელმწიფო კომპანია «Роснефть»-ს ეკუთვნოდა, საქართველოში მისი შემომტანი კი “Petrocas energy group”-ის შვილობილი კომპანია “SPG Treidingi”-ი იყო, აღნიშნული კომპანიები კი საქართველოში სწორედ რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის აქტივებს წარმოადგენს.
რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის მიზანი სანქციებისგან გვერდის ავლა იყო, ტანკერი რომელიც შემოვიდა რუსეთიდან ბათუმის პორტში შეიცვლიდა დოკუმენტებს, თითქოსდა ის დაიტვირთა საქართველოში და რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების ნაცვლად დატვირთულია თურქმენული დიზელით, რის შემდეგაც შეფერხების გარეშე ტვირთი მოხვდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში.
ერთი წლის წინ როცა ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული ნავთობპროდუქტები იყო და ტანკერმა დაუყოვნებლივ ბათუმის პორტი დატოვა.
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია, საერთოდ ბუნდოვანია დაინტერესდნენ თუ არა საკითხით შესაბამისი სამსახურები და მოიკვლიეს თუ არა ვინ იდგა აღნიშნული თაღლითური სქემის უკან.
დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება ახალი დეტალები, ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებით და სუსის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც მართავს ყაზახური კომპანია “KazTransOil”-ი ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე Aскар Cапарбеков-ი. რუსული კლანი Aскар Cапарбеков-ს ბათუმის ნავთობტერმინალში კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ჰქონდეთ გაყალბებული დოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობა და შემდგომში სრულად აკონტროლონ ბათუმის ნავთობტერმინალი და მთლიანად პორტი.
რუსული ინტერესების ლობირებაში სავარაუდოდ, ასევე ჩართულია კომპანია “KazTransOil”-ის წარმომადგენელი ЭРИК САГИЕВ-ი, მათი ამოცანაა ბათუმის პორტის გამოყენებით რუსულმა კომპანიებმა გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს, რაც მიზნად ისახავს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას.
მივმართავ შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ყაზახეთის საელჩოს საქართველოში, დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით და გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.
საქართველო არ გახდება პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერი და ყველა ის პირი, ვინც ჩართულია ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმეში, უმკაცრესად დაისჯება.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!”, – წერს ხაბეიშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flkhabeishvili%2Fposts%2Fpfbid02dF8uXsam6N2HWjqbF5oXCYS7LCBE4eNf8gWSPuWMmWi58Mv8TywHELfiTuXLbx9xl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”539″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>