უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ.2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტებს 500-600 ლარზე უწევთ მუშაობა, რაც ელემენტარული საჭიროებებისთვისაც კი არ ჰყოფნით.
“ასი ათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვი დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა, ასევე ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა. ამიტომ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში – ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება.
2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.