სოციალურად დაუცველების ფულის მომპარავებს, ქურდებს, ბიუჯეტის წურბელებს პასუხი უნდა გაეცეთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხარაგაულის სოციალური სამსახურისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს.
“ვაპირებ, მივმართო საგამოძიებო უწყებებს, არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. იმიტომ რომ თუ ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, სოციალურად დაუცველების ფულის მომპარავებს ქურდებს, ბიუჯეტის წურბელებს თავისი პასუხი მომავალში უნდა გაეცეთ. გუშინ ცდილობდენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ეს არ იყვნენ რიგითი ადამიანები, ეს იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე, მერის ძმა, მერის მძღოლი, მოგვიქსიეს იმიტომ რომ ვაპროტესტებთ უსამართლობას.
ამ საქმეს არ მოვეშვებით, სანამ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამბობს, რომ გაჭირვებულია და პარალელურად ოცნებას 5 ათასი ლარი შესწირა, არ დატოვებენ თანამდებობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, რომელსაც 4 ათას ლარამდე ხელფასი აქვს, აცხადებს, რომ თავად არა, თუმცა მისი შვილები სოციალური დაცვის პროგრამაში ნამდვილად არიან. ამ საკითხის გაპროტესტებას გუშინ ხარაგაულში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.