ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად “რუსული პარტიის” მიერ იყოს დანიშნული.
ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა და ასევე, კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, მასზეც თქვეს, რა სამსახურია, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხიო. ამ ანტიკორუფციულ ბიუროზე თქვეს, რომ სასაცილოა, სისულელეა, ფასადურია. ცხადია, არავინ არაფრის გამომძიებელი არ არის. ის, რომ ღარიბაშვილის მოპარულს მისი დანიშნული თამადა კაცი არ გამოიძიებს, ეს ყველას გვესმის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ვენეციის კომისია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ “მოქმედი კანონმდებლობის დიზაინი არ უზრუნველყოფს უწყების საკმარის დამოუკიდებლობას”.
ვენეციის კომისია წერს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოსთვის სხვადასხვა პრევენციული ფუნქციის შეთავსებით ვერ მიიღწევა მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული მიზანი.
“ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის ადეკვატური დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი ინსტიტუციური დიზაინი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალურ პირთა აქტივებისა და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი გარანტიების შეტანას საჭიროებს.
ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერმინისტრის ხელშია”, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის შეფასებაში.