საზოგადოებაში არა ერთი კითხვის ნიშანი არსებობს ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლების პერიოდში წინა ხელისუფლების არა ერთი მაღალი თანამდებობის პირი გასამართლდა ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში.
“საზოგადოებაში არა ერთი კითხვის ნიშანი არსებობს ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. რუსეთ-საქართველოს ომიდან დაწყებული, პენიტენციურ სისტემაში წამების სისტემის შექმნით დასრულებული. საგამოძიებო კომისია სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების არა ერთი მაღალი თანამდებობის პირი გასამართლდა ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში. ეს კომისია სწორედ ამ საკითხებს შეისწავლის. ერთი მიზანია ის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მეორე მიზანია, საზოგადოების იმ ნაწილმა, მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელმაც არ იცის, არ გაუგია, წარმოდგება არ აქვს რა სისტემის შემქმნელებთან გვაქვს საქმე ოპოზიციის სახით, დაინახონ რეალურად, ვინ არიან ეს ადამიანები”, – აცხადებს ლევან მახაშვილი.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.