საქართველოს და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მახაშვილის თქმით, საქართველომ გააცნობიერა, რომ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა პრაგმატულად მოქმედება იყო და ერთადერთი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ხელისუფლება ცდილობდა, ქვეყნის გადარჩენა იყო.
მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველომ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
“1990-იანი წლებსა და 2008 წელს რუსეთთან ჩვენი სამი ომის გამოცდილების, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით, გავაცნობიერეთ, რომ ამ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ემოციების გვერდზე გადადება და პრაგმატულად მოქმედება.
მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხელმა თავებმა ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა. უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
საქართველოს და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით. მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის დემოკრატიული კულტურისა და პროცესების პატივისცემით შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების დაცვას უცხოური ჩარევებით გამოწვეული დესტაბილიზაციისგან”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.