მსოფლიო იცვლება. იცვლება ბევრისთვის წარმოუდგენლად, მიუღებლად, ამორალურად. თუმცა, ასეთი დაუნდობელია გლობალური პოლიტიკა. მასში არაა პოლიტიკური შარლატანების ადგილი. ერთი გაუთვლელი ნაბიჯი და ისე გაქრება სახელმწიფო დედამიწის ზურგიდან, შეშფოთებასაც არავინ გამოხატავს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ეს ცვლილებები ლოგიკური დასასრულის ეტაპზე გადავიდა – დღეს იკვრება “ცეცხლის რკალი“ – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. მისივე შეფასებით, გლობალური ეკონომიკა წარმოუდგენელ წნეხშია, ძველი მეგობრები კი მტრებად ეკიდებიან ერთმანეთს.
“ამ რთულ გარემოში ჩვენ ვერ დავრჩებით პასიური დამკვირვებლები. დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე. ამიტომ დიახ, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარით სახელმწიფოს ამ ერთადერთი იარაღის დაგდებას აიძულებდა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და ქართველ დიპლომატებს მივცეთ საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ეს ის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელზე სწორებაც გაგვიყვანს სამშვიდობოს. სხვა ყველა სამიზნე, სხვა ყველა ვარსკვლავი შეიძლება ჩვენს ქვეყანას ძვირად დაუჯდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე გლობალურ ქაოსში საქართველო არ ელოდება შესაძლებლობებს, არამედ თავად ქმნის მათ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მთავრობის და პარლამენტის წევრების თითოეული უცხოური ვიზიტი არის ახალი შესაძლებლობის შექმნა, ახალი სასარგებლო იდეის თუ მსხვილი პროექტის განხორციელების დაწყება.
“მაგრამ თავი არ მოვიტყუოთ — არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო ქაოსში ჩაითრიონ. ეს ძალები არსად გამქრალან. უფრო მეტიც, ამჯერად ევროპის კონტინენტზე იწყობენ თბილ ბუდეს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს ამოფარებულებმა კვლავ ჭკუის სწავლება განაგრძონ. ამით იმედმოცემული ოპოზიცია მზად არის გაწიროს ყველაფერი, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. მათთვის არ არსებობს არც ევროპა, არც ამერიკა და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები. არც ერთი მათგანი არაა მათთვის ფასეული. მათთვის ფასეულია მხოლოდ საკუთარი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესები და ამისთვის თუ საჭიროა ამერიკასაც გალანძღავენ, ევროკავშირსაც და საქართველოს მომავალსაც ზედ მიაყოლებენ. ერთ დღეს ამერიკის ელჩს გააღმერთებენ, მეორე დღეს მთელ საელჩოს მიწაში ჩადებენ. გაუკეთებიათ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობა არა საჩუქარი, არამედ პასუხისმგებლობაა და ამ მხრივ, მთავრობამ არაერთხელ დაუმტკიცა მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მისი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის იმედი, თუნდაც, ყველაზე რთულ დროს.
“მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა და გარე დამქაშებთან ერთად, ქვეყანას უფსკრულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისმგებლობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.