ჩვენ სხვადასხვა რეგიონებს წარმოვადგენთ, მაგრამ ყველას ჩვენი საერთო სახლი – ევროპა გვაკავშირებს და მომავლის მიმართ საერთო მისწრაფებები გვაერთიანებს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის, რაც საერთოა, არის ჩვენი ინტერესი მტკიცე, მშვიდობიანი და ეკონომიკურად ძლიერი ევროპის მიმართ. ჩვენი ყოველდღიური რეალობა შეიძლება განსხვავდებოდეს, შავი ზღვა კი ჩვენს შორის იყოს, მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები საერთოა. შესაბამისად, შავი ზღვა წარმოგვიდგენია ხიდად და არა ბარიერად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის უსაფრთხო ევროპის ერთგული და ევროპულ ოჯახში დაბრუნება ურყევი მიზანია.
“საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროპის ერთგული. საქართველომ ეს არაერთხელ დაამტკიცა ავღანეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე, ერაყიდან მალიმდე, და მათ შორის წარმატებული რეფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები კვლავ რჩება და საქართველო თავის განვითარებას არსებითი საფრთხეების პირისპირ აგრძელებს, ჩვენი მიზანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ურყევია.
ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ავირჩიოთ მეზობლები. მაგრამ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის ჩვენი მისწრაფება საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო ძლიერი ევროპის შენებისკენ; ევროპის, რომელიც პატივს სცემს თავის პარტნიორებს და პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმისა, რომ უგულებელყოს პარტნიორების შიდა განვითარებები და უარი თქვას პარტნიორებთან დიალოგზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მძვინვარებს და აქამდე არსებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, ბალკანეთის რეგიონის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მანვე დასასრულს COSAP-ის პარტნიორები მოიწვია საქართველოში.
“ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წელს მიიღო. ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ გრძელ, მაგრამ სასარგებლო გზას. ბალკანეთის რეგიონი დიდი ხანია იგივე გზას ადგას, შესაბამისად, თქვენი გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გვსურს, გავიზიაროთ თქვენი წარმატებები, გაგიზიაროთ ქართული წარმატების ისტორიები და ეს გზა ამ ცოდნით გავიაროთ.
დასასრულს, მსურს COSAP-ის პარტნიორები მოგიწვიოთ საქართველოში, რათა გაგიზიაროთ საქართველოს კულტურული და სტრატეგიული სიმდიდრე და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის კავშირები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.