ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
სომხეთის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქართველოს პარლამენტში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეთანხმდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და სხვა საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ გეგმებზე.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ეკონომიკური, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გზას, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. სომხეთის მხრიდან ევროკავშირისადმი მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან მახაშვილმა ხაზი გაუსვა სომხეთთან დიალოგის, ასევე, სომეხი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.