ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ეუთოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებასა და საერთაშორისო გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„1990-იან წლებსა და 2008 წელს რუსეთთან ჩვენი სამი ომის გამოცდილების, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით, გავაცნობიერეთ, რომ ამ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ემოციების გვერდზე გადადება და პრაგმატულად მოქმედება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს.
“მიუხედავად იმისა, რომ „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა. უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
საქართველოს და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით.
მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის დემოკრატიული კულტურისა და პროცესების პატივისცემით შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების დაცვას უცხოური ჩარევებით გამოწვეული დესტაბილიზაციისგან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.