ელჩის გაწვევა არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა ნამდვილად ნიშნავს ამ ურთიერთობების საგრძნობლად გაუარესებას, – ამის შესახებ Front News-ს “ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ქმედებები არამეგობრულად და არაპარტნიორულად ღიად გამოაცხადა.
“ელჩის გაწვევა სახელმწიფოთა შორის არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა ეს ნამდვილად ნიშნავს ამ ურთიერთობების საგრძნობლად გაუარესებას. როგორც წესი, დიპლომატის გამოწვევა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რომელიც ვერ გადაიჭრა.
ურთიერთობების გამწვავების მიზეზი კი, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ღიად განმარტა, გახდა მოხალისეების გაგზავნაზე ხელშეშლა და ასევე საქართველოს მთვრობის ოფიციალური განცხადებები სანქციების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, რაც მიიჩნიეს, როგორც არამეგობრული და არაპარტნიორული მიდგომა.
ეს ფაქტი საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შეფასდება, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, ფაქტობრივად ხელახლა იწერება მსოფლიო წესრიგი, ასეთ დროს საქართველო უნდა იყოს ფოკუსირებული ამ მოვლენებზე”, – განაცხადა მესხორაძემ.