აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ორი ახალგაზრდა მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
დღესვე, ლევან მგალობლიშვილი ხონში, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა და აფხაზეთის მთავრობის სახელით თანადგომა აღუთქვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.