ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა აქტიური სტუდენტური, თუ არასტუდენტური ჯგუფის საერთო პროცესის გარშემო კონსოლიდაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა გააკეთოს იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც გადალახა ბარიერი.
“მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია. ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა აქტიური სტუდენტური, თუ არასტუდენტური ჯგუფის საერთო პროცესის გარშემო კონსოლიდაცია.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთოს იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც, ამ არჩევნების შედეგებითაც კი, გადალახა ბარიერი. სინამდვილეში, სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. სწორედ, ეს ოთხი პარტია უნდა ქმნიდეს დღეს კოალიციური ხელისუფლებას, ისინი უნდა წარმოადგენდნენ ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე.
მნიშვნელოვანია, რომ იმ უკიდეგანო პოლიტიკური რეპრესიების პირობებში, მოხდეს სწორი კომუნიკაცია ჩვენს საზოგადოებასთან, აღარ იყოს პარტიული ნიშების დრო. მე, როგორც ახალგაზრდა, მივიჩნევ, რომ ეს 26 ოქტომბერსვე უნდა მომხდარიყო და მალევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ოპოზიცია ესაუბროს ერთი საკომუნიკაციო არხიდან, ჩამოყალიბებული პოზიციით, რომლის მთავარი არსიც იქნება ყველა მოთხოვნისა და წინაპირობის მკაფიოდ გამოხატვა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.