ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მხოლოდ საკუთარი და საკუთარი ოჯახის ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ქვეყანას სრული იზოლაციისკენ მიაქანებს.
“ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მხოლოდ საკუთარი და საკუთარი ოჯახის ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ ქალბატონ დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი. „ქართული ოცნება“ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას სრული იზოლაციისკენ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა, ქართული სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილმა აიყვანა ტყვეობის ქვეშ, მათ შორის, თავის პარტიის რიგი წარმომადგენლებიც, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება, ამ წუთის მდგომარეობით მათთვის არასახარბიელო იყოს, რადგან ადამიანებს, წესით და რიგით, არ უნდა უხაროდეთ სანქციების ქვეშ დარჩენა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა”.
“პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – აცხადებს რობინ დანიგანი.