spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ცუცქირიძე – იყავით მტკიცე, ნუ შეგაშინებთ “ქართული ოცნების” დასკვნითი აქტის აბსურდი

მინდა, მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ყველა კოლეგას – იყავით მტკიცე, ნუ შეგაშინებთ “ქართული ოცნების” დასკვნითი აქტის აბსურდი. გამარჯვებამდე დარჩენილი 2 დღე და სულ მალე ვიზეიმებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილებას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” დახურულია ყველა ცივილიზებული კარი და მხოლოდ “ჰეზბოლას”, “ჰამასის” და კრემლის კარია ღია.

“პირდაპირ ეთერში ვუყურებთ შეშინებული ხელისუფლების ქცევას, რომელმაც აღარ იცის, რა უნდა ქნას. 2023 წლის გაზაფხულზე მან დაკარგა მხარდაჭერა თბილისში, 2024 წლის გაზაფხულზე მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას საბოლოოდ გამოეცალა მხარდაჭერა საქართველოს ყველა რეგიონში, დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სექტორში და მათ შორის, იმ ადამიანებშიც, რომლებიც გუშინ ჰყავდათ თავიანთ შეკრებაზე ჩამოყვანილი.

მათთვის დახურულია ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული ნორმალური სახელმწიფოს კარი, მათთვის ღია დარჩა მხოლოდ ჰეზბოლას, ჰამასის და კრემლის ოფისები. ახლა იგი მარტო ქართველი ხალხის ნებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგაა დარჩენილი და ყველაფერი ამის გამო, მან დაკარგა ნორმალური განსჯის უნარი და ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა, ამიტომ, მე მინდა სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევრების, აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც ისინი ახლა ატარებენ ჩხრეკებს და ცდილობენ, დააშინონ ეს ადამიანები. ისინი იქცევიან რუსული თამაშის წესებით, სადაც სიმართლის თქმა ივლება დანაშაულად, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევა მტრად. მათ ეშლებათ მთავარი რამ – ეს არ არის რუსეთი, ეს არის საქართველო, ქართველი ხალხი და ეს არის ქართველი ერი.

მინდა, მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ყველა კოლეგას – იყავით მტკიცე, ნუ შეგაშინებთ “ქართული ოცნების” დასკვნითი აქტის აბსურდი. გამარჯვებამდე დარჩენილი 2 დღე და სულ მალე ვიზეიმებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილებას”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები