საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში კარგი მმართველობის და ნულოვანი ბიუროკრატიის შესახებ, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისებზე გამარტივებულ წვდომაზე ისაუბრა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.
“საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქვეყანაა საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ. ეს უმარტივებს ცხოვრებას მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს. გამჭვირვალობა არის მთავარი პრინციპი ჩვენი სისტემის დახასიათებისას. მაგალითად, mygov.ge არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა უწყებას – როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე – და მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება შეუძლიათ ადგილზე მისვლის გარეშე. იუსტიციის სახლები ის უნიკალური სივრცეებია, სადაც 500-ზე მეტი საჯარო სერვისის მიღებაა შესაძლებელი – დაბადების მოწმობის მიღებიდან დაწყებული, ნებისმიერი შეთანხმების თუ კონტრაქტის დამოწმებითა და რეგისტრაციით დამთავრებული. იქვე ხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გაცემა. ჩვენ ვაპირებთ, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტი მოვიცვათ და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ სისტემის დახვეწაზე. ეს ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემა გვაქვს საქართველოში. ავტომატურად ხდება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) კუთხით წარმოქმნილი ზედმეტობის დაბრუნება; ეს სისტემა ავტომატიზებულია, რაც დიდი სარგებელია ბიზნესსუბიექტებისთვის.
ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთისა და სინგაპურის გვერდით ვდგავართ. ამას საერთაშორისო რეიტინგები და ინდექსები ცხადყოფს. ჩვენთან კორუფციის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიუროკრატიის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ნიშნით ვუსწრებთ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რამდენიმე წევრ სახელმწიფოსაც. ვმუშაობთ იმაზე, რომ პირველ სამეულში აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მან პანელურ დისკუსიაზე ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ კუთხით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე.
“ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოდან ჩემმა კოლეგამ ერთხელ თქვა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბიუროკრატიის აღმოფხვრას ვცდილობთ, მდგომარეობის შესასწავლად ახალ კომისიებს ვქმნით და ამით ბიუროკრატიას კიდევ უფრო ვზრდითო.
ამდენად, უსარგებლო ქაღალდბრუნვასა და გასაკეთებელ საქმეს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია სასურველი შედეგების მისაღწევად. 2016 წლიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებაც კი დავიწყეთ ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად და ამ მიმართულებით ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას. მომდევნო წლებში ხელოვნურ ინტელექტში, აგროტექნოლოგიებსა და ბაქტერიოფაგებში მოხდება ინვესტირება. ასევე, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში – ქუთაისში, დავაარსეთ ტექნოლოგიების ჰაბი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის იმ ახალ მოდელებზე იმუშავებს, რაც საჯარო და კერძო სექტორებს, ისევე როგორც აკადემიურ წრეებს დაეხმარება. მიგვაჩნია, რომ ეს მომავლის ხედვაა. ჩვენ ასე ვხედავთ მომავალს და სწორედ ეს ქმნის მკაფიო სურათს ყველასთვის – არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ან ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, არამედ იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან დასვენების, სწავლისა და ინვესტირების მიზნით. ყოველივე ამით მათი ცხოვრების გამარტივება ჩვენი მთავარი მიზანია”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თემატურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა ამერიკელი ჟურნალისტი, CNN-ის ყოფილი წამყვანი, პროფესორი ჯონ დეფტერიოსი, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ აფრიკის და OECD-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.