საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრების შეხვედრა დასრულდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ელჩს დეტალურად უამბეს აქტივისტების დაკავების ამბები და სასამართლო პროცესების მიმდინარეობები.
ერთ-ერთი დაკავებულის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის დედის განცხადებით, შეხვედრისას საელჩოს მხრიდან ღიად ითქვა, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება წყობიდანაა გამოსული.
“თითქმის ყველამ მოვყევით ჩვენ ჩვენი ამბავი. ძალიან კარგად მოგვისმინა. პრინციპში, ღია ტექსტით ითქვა, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება გამოსულია წყობიდან”, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედამ ლიკა გუნცაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა იუმორტისტი ონისე ცხადაძის ძმაც, რომლის თქმითაც, დიპლომატები იმის აღსაწერად, რაც ქუჩაში ხდება დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ.
“თავიდან მოუყვნენ ამ ადამიანებმა თავიანთი ოჯახის წევრებმა რა გამოიარეს. აშკარად ეტყობათ, რომ ადამიანურადაც კი ჭკუიდან არიან გადასულები ესენიც. უკვე ვერ უძლებენ, დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ე.წ. მთავრობის მიმართ. დაგვპირდნენ, ყველაფერს ვიზამთ ო. დიპლომატიურ ბალანსსაც ვერ იცავენ, გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას – მწამებლებს.
თქვეს ასევე, რომ იქითა მხრიდან არავინ დასჯილა. ყველაფერს ვიზამთო, დაგვპირდნენ. მშობლებმა უთხრეს, რომ უფრო მძიმე სანქციებია საჭირო, რომ დაკარგონ ის, რისთვისაც ისინი ცხოვრობენ”, – განაცხადა ონისე ცხადაძის ძმამ.