ლილოს დასახლებაში პოლიცია სოციალურად დაუცველი, თვითნებურად შესახლებული 20-მდე ოჯახის გასახლებას ცდილობდა. ადგილზე ხმაური და მცირე დაპირისპირება იყო. მოქალაქეებმა ოჯახების გასასახლებლად მისულ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, ისინი სამ კორპუსში არიან შესახლებულები.
ოჯახები მერიას დახმარებას სთხოვენ და საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და შენობის დატოვებას არ აპირებენ.
მათივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ განუცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორია რადიაციულია და გამოსახლება მათივე უსაფრთხოების გამოა აუცილებელი.
“გვეუბნებიან დილით დაცალეო, არ დავცლი. ბავშვებს ვფიცავ არ დავცლი და არსად არ წავალ. რაც უნდა ის გააკეთონ, დავწვავ აქაურობას და ისე გავალ. სამი შვილის დედა, მარტო ვზრდი სამივეს, ხან მაქვს საჭმელი – ხან არა. ყველგან ვიყავით, გამგეობაშიც ვიყავი, განცხადება დავწერე, დახმარება ვთხოვე, მაგრამ უარი მომივიდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.