კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების მიერ საზღვრის გარღვევა ისტორიულია, უკრაინამ ხომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან რიჩარდ ბლუმენთალმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“კურსკის გარღვევა ფრონტზე ისტორიულია. ეს არის ფართომასშტაბიანი გარღვევა. კარგი ამბავი, დიდი სიახლე, კიდევ უფრო მეტ პოტენციურ გარღვევებს გვპირდება. ახლა რუსები უკან დაიხევენ. სხვა ადგილებიდან ჯარს წაიყვანენ. ისინი გამოიყენებენ რესურსებს ამ უკვე ჩამოყალიბებულ ფრონტზე, მაგრამ დიდი ამბავი ის არის, რომ უკრაინა ახლა რუსეთშია. მას რუსეთში აქვს ბრძოლა“, – განაცხადა სენატორმა.
თავის მხრივ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში არის “თამამი, ბრწყინვალე და შესანიშნავი”.
“რას ვფიქრობ კურსკის ოპერაციაზე? თამამი, ბრწყინვალე, შესანიშნავი. ასე გააგრძელეთ. პუტინმა დაიწყო, ასწავლეთ მას გაკვეთილი”, – აღნიშნა მან.
ბრძოლები კურსკის ოლქში გასულ კვირას დაიწყო. დღეს რუსებმა განაცხადეს, რომ ვეღარ აკონტროლებენ 28 დასახლებულ პუნქტს, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით დიდია. DeepState-ის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ დაახლოებით 44 დასახლება დაკარგა.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, უკრაინელი დამცველები კურსკის რეგიონში ოპერაციას აგრძელებენ და ისინი ისინი აკონტროლებენ დაახლოებით ათას კვადრატულ კილომეტრს.