ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი შეჩერებულია, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოპოლის რაიონში რადიაციის დონე ნორმალურია.
”ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას”, – წერს ლისაკი.
11 აგვისტოს ნიკოპოლის მცხოვრებლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი შენიშნეს. ნიკოპოლის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ევგენი ევტუშენკოს თქმით, სავარაუდოდ, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკებში დიდი რაოდენობით საბურავები დაწვეს და ამას ალბათ, პროვოკაციის ან უკრაინელების დაშინების მიზნით აკეთებენ.
ხანძარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა რადიაციული მაჩვენებლები ნორმალურია, მაგრამ ზოგადად სიტუაცია, რომელშიც რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, არ შეიძლება იყოს ნორმალური.
“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის და მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ჩვენ ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით IAEA-ს რეაქციას. ამაზე რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ უკრაინის კონტროლს ზაპოროჟიეს სადგურზე შეუძლია სრული უსაფრთხოების გარანტიის დაბრუნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაიკავა.