spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – ხელშეწყობის ნაცვლად, მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო მისიების მიმართ

სახელმწიფო ორგანოები დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ არჩევნებზე დაკვირვების პროცესს არ შეექმნას საფრთხე. სამწუხაროდ, ხელშეწყობის ნაცვლად, მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რისთვისაც სახელმწიფო იყენებს ანტიკორუფციულ ბიუროს და სახელმწიფო სხვა ინსტიტუტებს, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

ამასთან, თოლორაია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სადამკვირვებლო კოალიცია შექმნილია “ჩემი ხმა”, რომელიც აერთიანებს 30 არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს მისია ემზადება საპარლამენტო არჩევნების უპრეცედენტოდ მასშტაბური სადამკვირვებლო მისიისთვის, რომლის მიზანია სამართლიანი საარჩევნო განწყობა და ქართველი ამომრჩევლის ხმების დაცვა. მისიის დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდებიან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გახსნილ უბნებზე.

სადამკვირვებლო მისიაში უკვე დარეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 1820 დამკვირვებელი. სადამკვირვებლო მისიამ უკვე შეიმუშავა არჩევნების დაკვირვების მეთოდოლოგია.

26 სექტემბერს ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისთვის შექმნა 60 საარჩევნო უბანი 42 ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე. 9 აგვისტოდან დღემდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად, უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს.

მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას ამ ეტაპზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.  მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია – საქართველოს  რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და რამდენი მოქალაქეა აღრიცხვაზე სხვადასხვა თითოეულ ქვეყანაში.

სახელმწიფო ორგანოები დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ არჩევნებზე დაკვირვების პროცესს არ შეექმნას საფრთხე. სამწუხაროდ, ხელშეწყობის ნაცვლად, მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რისთვისაც სახელმწიფო იყენებს ანტიკორუფციულ ბიუროს და სახელმწიფო სხვა ინსტიტუტებს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები