ოთხი დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რათა გამოხატონ პროტესტი “ქართული ოცნების“ მორიგი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ. პროტესტია საპასუხოდ, არალეგიტიმური ხელისუფლება უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს აქციის მონაწილეთა მიმართ, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციების დაშლის პროცესში, მთავარი ფუნქცია დაკისრებული აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, სისასტიკით ცნობილ ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
“ოთხი დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რათა გამოხატონ პროტესტი „ქართული ოცნების“ მორიგი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ. პროტესტის საპასუხოდ, არალეგიტიმური ხელისუფლება უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს აქციის მონაწილეთა მიმართ. აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას და საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან სრულიად შეუსაბამო, არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მშვიდობიანი აქციის დაწყების პირველივე წუთიდან, აქციის დაშლის, აქციის მონაწილეთა ცემის და უკანონო დაკავების მიზნით, მობილიზებული იყო პოლიციური ძალები და ტექნიკა. აქციების დაშლის პროცესში, მთავარი ფუნქცია დაკისრებული აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, სისასტიკით ცნობილ ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სამართალდამცველთა უმეტესობას სახე დაფარული აქვს, შესაბამისად წარმოუდგენელია მათი იდენტიფიცირება. სამართალდამცველები აგინებენ აქციის მონაწილეებს, ესვრიან ქვებს, ცდილობენ მათთან ახლო კონტაქტში შესვლას, ასევე მიათრევენ პოლიციის კორდონების უკან და სასტიკად უსწორდებიან მათ. აქციაზე, არ არსებობდა ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენების წინაპირობები, ამასთან წყლის ჭავლში შერეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება. ძალადობის შედეგად, ოცამდე აქციის მონაწილეს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. სულ დაკავებულია 200-ზე მეტი მოქალაქე და უმრავლესობის მიმართ ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.