მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამარო მადრიდულ კლუბში 1962-1976 წლებში თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 14 სეზონი გაატარა, მოიგო 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 3-ჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ გახდა ქვეყნის ბომბარდირი. “ლოს ბლანკოსში” 471 შეხვედრაში მან 155 გოლი გაიტანა.
ესპანეთის ნაკრებში 42-ჯერ ითამაშა და 1964 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამანსიო ასევე იყო ფიფას მსოფლიო ნაკრების წევრი, რომელიც 1968 წელს მარაკანას სტადიონზე ბრაზილიას დაუპირისპირდა.
“ის ემახსოვრება ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, როგორც ამ სპორტის ერთ-ერთი დიდი ისტორია. მშვიდად განისვენე”, – ასე ემშვიდობება “სამეფო კლუბი” ლეგენდას.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი