ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით და თანმხვედრი აზრით დადასტურდა ის, რასაც არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება, სხვადასხვა აქტორები ბევრი წლის მანძილზე საუბრობენ, რომ საქართველოს სასამართლოებში არის კორპორატიული მმართველობა და პირადი ინტერესებით არის ეს ნაკარნახევი, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მაია ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დადასტურდა ის, რომ, როგორც მართლმსაჯულების საბჭო, იუსტიციის საბჭო, ისევე სასამართლო, სამართალწარმოების დროს ამ დავაში ერთიან სისტემად იქცა.
“ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით და თანმხვედრი აზრით დადასტურდა ის, რასაც არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება, სხვადასხვა აქტორები ბევრი წლის მანძილზე საუბრობენ, რომ საქართველოს სასამართლოებში არის კორპორატიული მმართველობა და პირადი ინტერესებით არის ეს ნაკარნახევი. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დადასტურდა ის, რომ, როგორც მართლმსაჯულების საბჭო, იუსტიციის საბჭო, ისევე სასამართლო, სამართალწარმოების დროს ამ დავაში ერთიან სისტემად იქცა და დამიპირისპირდა მაშინ, როდესაც შინაგანად თითოეული ჩემი კოლეგა ეთანხმებოდა ჩემს არგუმენტებს“, – განაცხადა მაია ბაქრაძემ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და “მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის მაია ბაქრაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში დაადგინა.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4 500 ევროს გადახდა დააკისრა.
მაია ბაქრაძე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2015-2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, როცა მას ხელმეორედ დანიშვნაზე საბჭომ უარი უთხრა.