spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაია კაშია – მოსახლეობის უმეტესობა ძალიან მარტივად უყურებს გრიპის ვირუსს და რაც ყველაზე ცუდია, მიმართავს თვითმკურნალობას

გაზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით რთული ხდება გარჩევა ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე, თუ ალერგიასთან.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა, მარტივად ვრცელდება მოსახლეობაში, ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და სერიოზული გართულებებიც კი. როგორ გავარჩიოთ გაციება და ალერგია ერთმანეთისგან? ამასთან დაკავშირებით Front News-სთან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია საუბრობს.

– გაზაფხული დადგა და იწყება ალერგიული სეზონი, ასევე, გააქტიურებულია ვირუსული ინფექციებიც. რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როგორ უნდა გაარჩიოს, გაციებულია თუ ალერგია აწუხებს?

– გაზაფხულის დადგომა ხელს უწყობს ვირუსული ინფექციების გააქტიურებას, გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია 200-ზე მეტ სხვადასხვა ვირუსს, მათ შორის: რინოვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი და ა.შ. ხოლო თავის მხრივ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები იწვევენ ალერგიული დაავადებების გამწვავებას. (მათ შორის ლეტალობა).

მოსახლეობის უმეტესობა ძალიან მარტივად უყურებს გრიპის ვირუსს და რაც ყველაზე ცუდია, მიმართავს თვითმკურნალობას.

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ტიპის ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით. უბრალო გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მწვავედ იწყება. დამახასიათებელი სიმპტომებია:

საერთო სისუსტე,

ცხელება 38℃-ზე მეტი,

ხველა,

თავის ტკივილი,

ტკივილი კუნთებში;

იშვიათად დიარეა და/ან ღებინება,

ფარინგიტი (ყელის ტკივილი),

ცხვირიდან გამონადენი.

გრიპი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება ჰაერწვეთოვანი (ხველით, ცემინებით) გზით, დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

გრიპის ვირუსი დიდ საფრთხეს უქმნის: ჩვილებს, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულებს; ხანდაზმულებს 65 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.

– როგორ უნდა აიცილოს ადამიანმა გრიპი?

– გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო და ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა ყოველწლიურად, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე. სასურველია, აცრა მოესწროს ოქტომბრის პირველ ნახევარში. აცრა ნებადართულია 6 თვიდან ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით საჭიროა ვაქცინაციის ჩატარდეს რისკჯგუფებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ორსულებსა და ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებში.

– როგორ განვასხვავოთ ალერგია გაციებისგან?

– ცემინება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა არის ის სიმპტომები, რომლებიც ალერგიასაც და გაციებასაც ახასიათებს. სწორედ ამ საერთო სიმპტომების გამო ხშირია გაურკვევლობა გაზაფხულის სეზონზე. როდესაც ადამიანი ეხება ალერგიულ გამღიზიანებელს, ე.წ. ალერგენს, მისი იმუნური სისტემა იწყებს ჰისტამინის გამოყოფას. სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს ალერგიის სიმპტომებს. ალერგიის სიმპტომების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური გზაა გამღიზიანებლებთან კონტაქტის თავიდან აცილება. რაც შეეხება გაციებას,  ორგანიზმი თვითონ ამარცხებს ვირუსს.

– რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მოსახლეობის უმეტეოსობა უშვებს?

– ყველაზე ხშირად რაც მდგომარეობას ართულებს, ეს არის ანტიბიოტიკების არასწორი და თვითნებური გამოყენება. ანტიბიოტიკები უეფექტოა, რადგან გაციება ვირუსითაა გამოწვეული, ხოლო ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებელია, მივმართოთ ექიმს სწორი და დროული მკურნალობისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები