წარმომიდგენია, როგორი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო უკრაინის მთავრობა, რომ ამ უკიდურესი ზომისათვის მიემართა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დიპლომატიური დემარშის უკიდურესი ზომა.
“ეს არის აბსოლუტურად უკიდურესი ზომა დიპლომატიური დემარშის გამოხატვის, როდესაც ელჩს გაიწვევენ ქვეყნიდან და როდესაც ამ გაწვევას მოყვება ასეთი მკაფიო სიტყვებით დასაბუთება, თუ რა არის ამ დიპლომატიური ქმედების მიზეზი. ეს არის ისეთი წარმოუდგენელი რამ, წარმომიდგენია, როგორი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო უკრაინის მთავრობა, რომ ამ უკიდურესი ზომისათვის მიემართა.
არ ვიცი, როგორ შეიძლება აღდგეს ის, რაც დღეს გაფუჭდა ამ ორი უახლოესი ერის ძალიან დიდი მეგობრის ურთიერთობაში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ “მთავარის“ ეთერში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დღეს საქართველოდან ელჩი გაიწვია.