დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვამაყობ თითოეული თქვენგანით! – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
“ამ გადამწყვეტი არჩევნების მეორე ტურზე, მოლდოვაში საარჩევნო უბნები უკვე დახურულია. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხმა პატიოსნად მისცა. დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მოლდაველები ხმას ჯერ კიდევ აძლევენ. თქვენი ხმის მკაფიოდ დაფიქსირებისთვის თითოეული თქვენგანით ვამაყობ!” – წერს სანდუ.
მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 687 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა, არჩევნების მეორე ტურზე, 54.14%-ს შეადგენდა.
ხმების 92,52%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, მაია სანდუს 50,20%-მა ანუ 712 063 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მის ოპონენტს – 49,80%-მა ანუ 706 435 ადამიანმა.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებოდნენ, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ – 25,98%.