პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში “შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები.
“თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი სანქციების დროს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ „შავი ხვრელი“ და საქართველო. მაშინ „შავი ხვრელი“ რა იყო, არავინ იცოდა. ეს კამპანია დაწყებულია ქართველი პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან. ევროკავშირი სწორედ იმას ცდილობს, რომ სანქციების აღსრულება ეფექტური იყოს. თუ ევროკავშირი ამ მექანიზმებს არ შექმნის, აზრი ეკარგება დაწესებულ სანქციებს. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეფექტიანად აღსრულდეს სანქციები, რაც უკვე დაწესებულია. ამ შემთხვევაში პარტნიორებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.