კეთილსინდისიერების აუცილებლობაზე არავინ დავობს და ყველა ველოდებით, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი! როდესაც უცხოელი ექსპერტების ჩართვით, სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვთ, მიჩნდება ასეთი კითხვები, რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება? რომელი ევროპული სტანდარტით და წესით ხდება უცხოელი ექსპერტების შერჩევა, რომლებსაც აქვთ კეთილსინდისიერების ის ხარისხი, რომ სხვა სუვერენული ქვეყნის მოსამართლის კეთილსინდისიერება შეამოწმონ? რით განსხვავდება ქართული სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევები ევროპის რომელიმე ქვეყნის სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევებისგან, იმისათვის რომ ასეთი ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენებას ითხოვთ, რაც ფაქტობრივად სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას და გაურკვეველი კრიტერიუმებით და წესებით მოვლენილი, უცხოელი ექსპერტებისათვის გადაბარებას ნიშნავს? – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ნოყიერ ნიადაგს უქმნის ყველაფერს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევისკენ არის მიმართული.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ორი კვირის წინ ყველამ კარგად ნახა, რომ ოპოზიციის 4 წარმომადგენელს შორის, არც ერთს აღმოაჩნდა ნება, ხელი მოეწერა საქართველოს ინტერესების დამცველი რეზოლუციისთვის.
“ეს იყო ზუსტი პასუხი კითხვაზე, სინამდვილეში, როგორ გადარდებთ საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.