საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლოა, 31 მარტიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. საზოგადოებამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი დიდი ერთიანი ფრონტი იხილოს, სადაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო სექტორის და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იქნებიან გაერთიანებული, სათავეში კი მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგეს. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან ამაზე დიალოგი უკვე 14 მარტს დაიწყო და ის ყველა მათგანს ინდივიდუალურად ხვდება.
რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს და მის სათავეში სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ. იქნება თუ არა ოპოზიციის თანხმობა და რას შეცვლის ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე Front News-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე საუბრობს.
– მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მართავს შეხვედრებს, რათა 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე დიდი ერთობის შესახებ განცხადება გააკეთოს. როგორ ფიქრობთ, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მას ერთიან ლიდერად? როგორც “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ზურაბიშვილი დასავლეთის დაკვეთით მოქმედებს. არის თუ არა ის მათ მიერ მხარდაჭერილი ლიდერი?
– კი ბატონო, მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მარტო მოქმედებს. დასავლეთიდან განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება ძალიან ღიაა. ვფიქრობ, ზურაბიშვილი მათ მიერ მხარდაჭერილი ლიდერია. მეორეს მხრივ არც სალომე ზურაბიშვილის პირადი ინტერესი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის ასეთი პიროვნებაა. მას უყვარს, რომ მოვლენების სათავეში დგას. რამდენად გამოსდიოდა ეს წლების განმავლობაში სხვა საკითხია. წინა ოპოზიციის დროსაც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ერთიანი ოპოზიციის ლიდერი სურდა ყოფილიყო. თუმცა მაშინ ეს არ გამოუვიდა.
ახლაც დაახლოებით იმავეს ცდილობს. ამაში დასავლელი პარტნიორები რომ არ იყვნენ ჩართულები, დარწმუნებული ვარ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მას ეს მცდელობა არც ახლა გამოუვიდოდა. ახლა არ ვიცი, თუკი ოპოზიციის მიმართ კოლექტიური დავალებაა გაცემული, შესაძლებელია ეს გამოვიდეს. საქმე იმაშია, რომ დასავლელი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ შეიფუთოს. მათ იციან, რომ ამ პარტიას ჰყავს ამომრჩევლის კატეგორიული ნაწილი, რომელთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ის უნდა გაითქვიფოს რაღაცა ისეთ გაერთიანებაში, რომ საზოგადოების მხრიდან, მთავარი აქცენტი მასზე არ გაკეთდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ნაციონალები არ უნდათ, არა პირიქით, უბრალოდ მათი მძიმე პოლიტიკიდან გამომდინარე დაინახეს, რომ ხალხს ისინი აღარ მოჰყავს ხელისუფლებაში, ამიტომაც მათი შეფუთვა რაღაცა გაერთიანებით უნდა მოხდეს. სხვა პოლიტიკური ძალებით უნდათ გადაფარვა. დაკვირვებული თვალიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ცალ-ცალკე ოპოზიციას არაფერი გამოსდის. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ავტორიტეტი მოიპოვონ საზოგადოების იმ ნაწილში მაინც, რომელიც ქუჩაშია დღეს გამოსული.
– რა სახის მხარდაჭერა აქვს ახლა ქვეყნის შიგნით სალომე ზურაბიშვილს. კი ბატონო, მას აქვს გარეთ კონტაქტები და დასავლეთში შეუძლია საკმაოდ კარგ კონტაქტებზე გავიდეს, მაგრამ საქართველოში ვინ არის მისი მხარდამჭერი? რა ტიპის ლიდერად ჩამოყალიბდა?
– კი ბატონო, მას გარკვეული სახის ელექტორატი ჰყავს. მომიტინგეების დიდი ნაწილისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები მიუღებელია. ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე უფრო არიან ორიენტირებულები. პრინციპში ამ აქციების ფონზე ზურაბიშვილის აქტიურობამ მას მხარდამჭერი გაუჩინა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიცით, რომ მან მხოლოდ “ოცნების” მხარდაჭერით აიღო ხმები. რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც თქვა, რომ “ქაჯები მიდიან და არა მოდიან“, იქ მან ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესახებ განცხადება გააკეთა. მაგ დროს სწორედ იპოდრომზე გახლდით და მახსოვს, რომ ზღვა ხალხი იყო მოსული. თუმცა ეს ზღვა ხალხი ზურაბიშვილმა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დაკარგა. მაშინ მას ორგანიზატორული უნარი არ აღმოაჩნდა.
– გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას ცდილობდეს. თქვენ ამ ვერსიას იზიარებთ?
– რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის იმ ტიპის ლიდერი, რომელზეც ფსონს დასავლეთიდან დადებენ, რადგან მან ქვეყნის შიგნით დაკარგა ის გავლენა, რაც ჰქონდა. სააკაშვილის პოლიტიკურ კრახს თავის დროზე დასავლელმა ლიდერებმაც შეუწყვეს ხელი. მას მხარი არ დაუჭირეს ბოლომდე იმ დანაშაულების გამო, რომელიც ჩადენილი აქვს. ამიტომ ახლა მით უმეტეს იციან, რომ მას მოსახლეობის დიდ ნაწილში აღარ აქვს ის გავლენა, რაც ადრე ჰქონდა. საარჩევნო პულსზე ხელი უდევთ და ძალიან კარგად იციან საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში მისდამი რა დამოკიდებულებაც აქვთ. ამიტომ ახალი ლიდერის შერჩევა დაიწყეს. თუმცა დასავლეთი ეძებს ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც მასები გაჰყვებიან. ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ოპოზიციაში ასეთი მანტია ვერცერთმა მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ქარიზმა ზოგს აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციაში არის ასეთი სიტუაცია, რომ ვითომ ერთიან პოზიციაზე დგანან, მაგრამ ზურგს უკან ერთმანეთზე ქილიკობენ, მტრობენ და ერთმანეთის ჩაშვება მიღებული ფორმაა.
თუკი სალომე ზურაბიშვილის ერთიანი ლიდერობა დასავლეთიდან არის მოთხოვნილი, მაშინ ოპოზიცია იძულებული იქნება, მის გარშემო გაერთიანდეს. რამდენიმე სუბიექტის სურვილი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ეს არის დასავლელი ელიტის ნაწილის წარმომადგენლების სურვილი, ეს არის ზურაბიშვილის და ოპოზიციის. თუ ეს მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმუშავებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ზურაბიშვილს ორგანიზებულობის და პარტიის ჩამოყალიბების რესურსი შინაგანად არ გააჩნია.
– 14 მარტს დიდი პაუზის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ამერიკის ელჩს ერთმანეთს შეხვდნენ. თავდაპირველად ოპოზიციის მხრიდან ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა, ელჩი გააკრიტიკეს. მეორეს მხრივ კი მათ თქვეს რომ თითქოს ელჩი გარკვეული ულტიმატუმით მივიდა “ოცნებასთან“, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები გადასცა. რამდენად რეალურია ოპოზიციის ეს განცხადება და როგორ ფიქრობთ, რაზე შესაძლოა, ელჩი მინისტრს შეხვედროდა?
– რადგან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მწირია, ცოტა მიჭირს ზუსტად ვივარაუდო რაზე შეიძლება ყოფილიყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა. მე გეტყვით ერთს, რა ინფორმაციაც მქონდა. მე ვიცოდი, რომ თავად ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა წასულიყო ამერიკაში. თუმცა შემდეგ ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ ფოტოების დანახვა და შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მე არ გამიკვირდება ამერიკის ელჩის მხრიდან მთავარი აქცენტები გაკეთებულიყო, არა იმაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, თითქოს არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე იყო საუბარი. არამედ საქართველოს აქტიურობაზე წინა აზიასა და ჩინეთის მიმართ. შესაძლოა, ამაზე ყოფილიყო მოთხოვნა, რომ ეს ამერიკის პოლიტიკასთან უნისონში იყოს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე არ მგონია განსაკუთრებული აქცენტები შიდა პოლიტიკაზე ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია რა ტიპის დამოკიდებულებაა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. ეს არ არის ერთგვაროვანი და ისეთი სიტუაცია, რომ ტრამპი რომელიმე მხარის პოზიციას იკავებდეს. ამის ნათელი მაგალითია “მეგობრობის აქტის“ განხილვა, რომელიც კიდევ გადაიდო და არავინ იცის მოხდება თუ არა თვის ბოლოს მაინც მისი განხილვა.
– თუმცა ამერიკისგან განსხვავებით რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდან. ევროპარლამენტმა ახლა უკვე პირდაპირ ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა და ვიცით ის განცხადებები, რაც ბრიუსელიდან კეთდება. რა გავლენა ექნება ამას საბოლოო ჯამში ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
– დღეს ევროკავშირის მდგომარეობა კატასტროფულია. პრაქტიკულად ამერიკის მიერ დისტანცირებული ევროკავშირის პოლიტიკა ძალიან სუსტი აღმოჩნდა. არ აქვთ მათ მიდგომები და დოქტრინა შემუშავებული, როგორ უნდა იმუშაონ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. არა აქვთ მათ ეს პოლიტიკურად გათვლილი და არც სამხედრო თვალსაზრისით. სპეციალისტებისთვის ძალიან სასაცილო იყო მაკრონის განცხადება ბირთვული ქოლგის შექმნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის გაერთიანებული ბირთვული იარაღი, რუსეთის ბირთვული იარაღის მეოთხედიც კი არ გამოდის. ასეთი ბუტაფორიული განცხადებები აქვთ, როგორც სამხედრო ასევე სხვა თემებთან დაკავშირებით. ამიტომ ევროპა არ არის მზად გლობალური პოლიტიკა აწარმოოს. შესაბამისად, მათი განცხადებები ვხედავთ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვერ ახდენს ვერანაირ გავლენას. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში ამერიკისგან მიტოვებული ევროპა რას იზამს ძალიან რთული სათქმელია.
– ცეცხლის შეწყვეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ. ჩვენ ვიხილეთ პუტინის ორაზროვანი განცხადებები ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასევე ტრამპის მოლოდინი და კვლავ იმედი იმის, რომ პუტინი მას ცეცხლის შეწყვეტაზე დასთანხმდება. თქვენი მოლოდინი როგორია?
– პუტინის და ზოგადად რუსეთის ლოგიკა არის ასეთი, რომ მეფე არ უნდა იყოს დამარცხებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩამოგდებული და განადგურებული იქნება. ამიტომ პუტინი ცდილობს ახლა ლავირებას, რათა სახე შეინარჩუნოს. ის არის საკმაოდ კარგი მოთამაშე, მოვაჭრე და გამოცდილი პოლიტიკოსი. ძალიან დიდი ხანია, ამხელა სახელმწიფოს მართავს და უზარმაზარი გამოცდილება აქვს. თავადაც ვიცით, რომ არ არის უბრალო პოლიტიკური მოღვაწე.
პუტინისთვის მოწინააღმდეგედ ორი ქვეყანა აღიქმება, ეს არის აშშ და ჩინეთი. ევროპას ის სერიოზულად არასდროს არ აღიქვამდა. ასევე რეგიონულ მტრად თურქეთს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რაღაცა საკითხებში პარტნიორები არიან. პუტინს ახლა ამ ომის შეჩერება ძალიან სჭირდება, ოღონდ საკუთარი პირობებით. მას ერთის მხრივ რეგიონში აქვს მოსაგვარებელი პრობლემები და თურქეთის აქტიურობა აქვს შესაზღუდავი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ძველი პარტნიორული ურთიერთობის დაბრუნება. ვიდრე ომი დაიწყებოდა, ისინი პარტნიორები იყვნენ. დღეს კი უმცროსი პარტნიორია. შესაძლოა, ცოტა ხანს ისე გაგრძელდეს სიტუაცია, რომ უმცროს პარტნიორობიდან თავში წამოსარტყმელ მეგობრად იქცეს. პუტინი ყირიმს არ დათმობს არაფრის ფასად, რადგან ის არის სტრატეგიული სივრცე.
– მაშინ როგორ ან რა პირობებით წარმოგიდგენიათ ცეცხლის შეწყვეტა? ვისი პირობებით დაიდება ზავი? რუსეთი ამბობს, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე რთული სიტუაცია აქვს და მას პაუზა გადაიარაღებისთვის სჭირდება…
– ეს ყველაფერი არის თამაშის ნაწილი. პოლიტიკა თამაშის და ლავირების გარეშე არაფერია. ამას აკეთებს ტრამპიც და პუტინიც. თუ რუსეთი არაფერს დათმობს, მაშინ უკრაინაც არაფერს დათმობს. რასაც ამბობენ პოლიტიკაში, იმას არ აკეთებენ. რასაც ახლა ტრამპი აკეთებს, ეს არის კლასიკური პიარის ტექნოლოგია. მუდმივად შეტევის რეჟიმშია, რათა მოწინააღმდეგე თავის მართლების პოზიციაში ჰყავდეს. მერე კი მოდის ის მოწინააღმდეგე აზრზე, მაგრამ დრო გადის და ინიციატივა ტრამპის მხარეს არის. ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება ტრამპს იმისთვის, რომ დანარჩენ მსოფლიოს აჩვენეს მისი სიტყვა ჭრის და ფასი აქვს. თუ პუტინი არ წამოვა დათმობაზე, მაშინ ის სანქციების სისტემას აამუშავებს.
ელზა პაპოშვილი