ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებამდე უნდა მოხდეს დასანქცირება იმ ინსტრუმენტისა, რომელიც ივანიშვილის ხელშია, საუბარია საპარლამენტო, სახელისუფლებო, თუ სასამართლო სისტემის წარმომადგენლების სანქცირებაზე, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლას რაიმე ადეკვატური შედეგი მოჰქონდეს.
“სიმართლე გითხრათ, უკვე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ეფექტს, რომელიც შეიძლება მოყვეს დასავლეთის ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“, საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას, რა რეზოლუციას მიიღებენ ბრიუსელში თუ ლისაბონში. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს რიტორიკის დონეზე, მიდის სრულიად მიუღებელი ლანძღვა და თავდასხმები დასავლეთზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი კეთდება სიტუაციის გამოსასწორებლად.
ვფიქრობ, ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება შემდგომი საკითხია, მანამდე უნდა მოხდეს სანქცირება იმ ინსტრუმენტისა, რომელიც ივანიშვილის ხელშია, საუბარია საპარლამენტო, სახელისუფლებო, თუ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებზე, რომელთა მეშვეობითაც ის ახორციელებს თავის საქმეს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგი უფრო ეფექტური იყოს“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
კითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თუ არა ოპოზიციის კრიტიკა, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მარტივად მიიღებდა, გამყრელიძე აცხადებს, რომ საკითხავია, ხელისუფლებას უნდა თუ არა საერთოდ ეს სტატუსი.
“მოდი, კითხვა ასე დავსვათ – უნდა კი ხელისუფლებას ეს სტატუსი? ჩემი აზრით, არაფერში ჭირდება. თუ ყველაფერს გაუტარებდნენ, თავზე ხელს გადაუსვამდნენ, მაშინ რატომაც არა, მაგრამ თუ გაუთავებელი მონიტორინგი იქნება მათი საქციელის, რეფორმების შემოწმება და ყველაფერზე მითითება, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მთავარია, არჩევნების მიმართ დასავლეთს როგორი დამოკიდებულება ექნება.
“მთავარი აქ არის, როგორი დამოკიდებულება ექნება დასავლეთს არჩევნების მიმართ. არ გამოვრიცხავ, დასავლეთმა არალეგიტიმურად ჩათვალოს არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძალიან სერიოზული ნიშნები გაყალბებისა. ეს უკვე ოპოზიციის სამუშაო იქნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდეს და ერთად წინ აღუდგეს “ქართული ოცნების” თარეშს საქართველოში“, – განაცხადა გამყრელიძემ.